ვიზუალური ხელოვნება, სიახლეები

ნინო ჩიფჩიური 🔘 პერსონალური იარლიყები

სახელწოდება “პალიარტი” მაშინ გაჩნდა, როცა ბიზნესის ადმინისტრირებაზე ვსწავლობდი, პროექტისთვის ახალ ბრენდს ვქმნიდი თანაგუნდელებთან ერთად და ლოგოდ იარლიყი ავარჩიეთ. თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ ვერ წარმოვიდგენდი, რომ რამოდენიმე თვეში მცირე ბიზნესს შემოქმედებით პროექტებად გარდავქმნიდი და ჩემს “გრედუეიშენს” პერსონალური გამოფენის სახეს მივცემდი.

ჩემს პიროვნებაზე დაკვირვებული ცვლილებებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანი ბევრად მეტია, ვიდრე ის “ეტიკეტები”, რომლებსაც ერთმანეთს მივაკუთვნებთ ხოლმე. ჩემი აზრით, გარეგნული მახასიათებლები, ჩაცმულობა, სტილი, ინტერესები, გემოვნება და ა.შ. მეტყველებს არა იმდენად ადამიანის არსზე, არამედ უმეტესად მისი ცხოვრების როლზე ან გარემოზე, რამდენად სენსიტიურია მის მიმართ; როგორ ხედავს და იცნობს ის სამყაროს, საკუთარ თავს ან როგორ უნდა, რომ სხვები ხედავდნენ მას; ამ იდეის წარმოსაჩენად შევქმენი “პერსონალური იარლიყი”, რომელიც სხვადასხვა ცნობიერებით დაგვანახებდა საგნებს და მოვლენებს.

„პერსონალური იარლიყის“ შექმნისა და დაშლის იდეა ეტიკეტებისგან მენტალური გათავისუფლებაა. გათავისუფლება რადიკალური დახასიათებებისა და წოდებებისგან, რადგან აბსოლუტურად არც ერთ ეტიკეტს ვეკუთვნით და ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს ისინი ან თავად შევქმნათ ახალი. იარლიყებისგან თავისუფლები კი, ვხდებით მეტად ჰუმანურები, მიმღებლები და ერთსულოვნები, რაც, გარკვეულწილად, ქმნის „სიყვარულის კონცეფციას“ და ზრდის პატივისცემას ერთმანეთს შორის.

ამ იდეის თვალსაჩინოებისთვის, გამოვიყენე ის ლიტერატურა, რომელიც ერთი მხრივ, პოპულარული იქნებოდა და მეორე მხრივ, ისაუბრებდა იმ მიზეზებზე, რომლებიც ხელს გვიშლის დავინახოთ სინათლე ან სიბნელე როგორც საკუთარ თავში, ისე სხვა ადამიანებში. ეს არის ძირითადი პროექტები:

ენტონი ბერჯესი- „მექანიკური ფორთოხალი“

2016 წ: თებერვალი
[სამნაწილიანი ნამუშევარი (ინსტალაცია)

მიხაილ ბულგაკოვი- „ოსტატი და მარგარიტა“

2016 წ, მაისი-ივნისი
[სამნაწილიანი ნამუშევარი (ინსტალაცია
)

ფიოდორ დოსტოევსკი- „ძმები კარამაზოვები“ .

2017 წ, იანვარი-აპრილი
[სამნაწილიანი ნამუშევარი (ინსტალაცია)

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი- „პატარა უფლისწული“

2018 წ, თებერვალი – აპრილი [სამნაწილიანი ნამუშევარი (ინსტალაცია)

დანტე ალიგიერი – „ღვთაებრივი კომედია“ – „დანტეს სამოთხე“

2018 წ, ოქტომბერი  [ინსტალაცია 17 ნაწილისგან შედგება, რომელიც აერთიანებს 33 ნამუშევარს, აქედან- 24 ილუსტრაცია]


პროექტების განმავლობაში, მქონდა რამოდენიმე გამოფენა, ერთმანეთისგან განსხვავებულ სივრცეებში:
პირველი გამოფენა ჩატარდა კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში. კახა ბენდუქიძის სიტყვებს და შემდეგ უკვე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სლოგანს-„ცოდნა, შრომა, თავისუფლება“- გამოფენის სახელწოდებისთვის, დავამატე მეოთხე ან იქნებ, პირველი წინაპირობა წარმატებისთვის-„სიყვარული“; ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ყველა ჩემი ნაბიჯი მცდელობაა იმისა, რომ ვისწავლო სიყვარული; ვფიქრობ, შეუძლებელია რეალურად გიყვარდეს კონკრეტული ადამიანი მაშინ, როცა ჯერ არ გაქვს საზოგადო სიყვარული და მთლიანობის განცდა.